ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ“ ახორციელებს პროექტს: ,,სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა ზიანის შემცირების პროგრამების მდგრადობისთვის გარდამავალ პერიოდში“. პროექტს აფინანსებს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“

საქართველოში მიუხედავად არაერთი მიმდინარე პროგრამის და განხორციელებული საქმიანობისა, ჯერ კიდევ არ არსებობს ეფექტური ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური სერვისის სისტემა, რომელიც ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს მოაგვარებდა. ასევე ამ პერიოდში მიმდინარეობს გლობალური ფონდის (The Global Fund) მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამების, მათ შორის აივ/შიდსის პრევენციის სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლა. მნიშვნელოვანია რომ ტრანზიციის პერიოდში შენარჩუნდეს ის სერვისები,( მათ შორის ზიანის შემცირების სერვისები ნარკოტიკის მოხმარების პრაქტიკის მქონე პირთათვის), რომელიც მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლეთათვის შექმნის კეთილ საიმედო გარემოს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრობლემად რჩება არასათანადო კომუნიკაცია და კოორდინაცია სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ცენტრალურ/ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მათ შორის შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიწყო თემის აქტივისტთა სამუშაო შეხვედრების ჩატარება გორში, თელავში და ბორჯომში. თემის ლიდერების პოტენციალის გაძლიერებით ისინი ჩართული იქნებიან ზიანის შემცირების პროგრამების შემუშავების და დანერგვის პროცესში , დაინტერესებულ მხარეებთან შეიქმნება ეფექტური საკომუნიკაციო პლატფორმა.